აბსურდი

Posted: თებერვალი 21, 2012 in ისტორია


” _ ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!
_ რაო, ბატონო მელაო?
_ერთი ჩიტი გადმომიგდე, თორემ შავ დღეს დაგაყენებ! ცულს მოვიტან ცუნცულასა, ხელეჩოს და წალდუნასა, ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა, შენ შეგჭამ და შენს შვილსაცა!
რას იზამდა ჩიტი-ჩიორა, გადაუგდო ერთი ბარტყი მელიას, იმ იმედით, იქნებ სხვა შვილები მაინც შევინარჩუნოო, მაგრამ მელა მეორედაც ესტუმრა და მესამედაც.

დარჩა ჩიორა ბარტყების გარეშე”.

***

იყო და არა იყო რა . . .
იყო ერთი ლამაზი სოფელი.
თუმცა, რატომ _ იყო?
დღესაც არის!

***
დიდი ხნის წინ, ამ ლამაზ მთიან და მზიან სოფელში შეიქმნა ოჯახი.

აი, სოფელი კი იყო და დღესაც არის.  მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახი იყო და არა იყო რა.
რატომ?
თუ რატომ?, ამას ახლავე მოგიყვებით.

***
დაქორწინდა კაცი და ქალი.  აი _ ოჯახიც.
შეეძინათ 3 შვილი.  ორი გოგო და ერთი ბიჭი. აი _ წვრილშვილიც.
ცხოვრობდნენ ღარიბად, წელებზე ფეხს იდგამდნენ.
ო, ჯახი – ც აქ იწყება?!
ერთ დღესაც ქალს ნერვებმა უმტყუნა, ეტყობა გულმაც.
. . . და გაიქცა სახლიდან.
დატოვა კაცი და ბავშვები, ანუ ქმარი და შვილები. ბავშვები პატარები იყვნენ. კაცის ნათესაობამ გადაწყვიტა ბავშვები სკოლა-ინტერნატში ჩაებარებინათ. ჩააბარეს კიდეც. ალბათ მამაც დაეთანხმა, ქალის არ იყოს კაცსაც უმტყუნა ნერვებმა.
. . . გულმაც ალბათ.

იქვე მეზობლად კაცის ძმის ოჯახი ცხოვრობდა, მათაც საკუთარი საზრუნავი ჰქონდათ. ვერ ივაჟკაცეს.  ყველას გმირობას ვერ მოთხოვ..

მოკლედ, დაიწყეს ბავშვებმა ცხოვრება მშობლებისა და ნათესავების გარეშე. მამა ხშირად აკითხავდა ინტერნატში. ბავშვვების სახლში წამოყვანას ვერ ბედავდა.  მიზეზი ალბათ ჰქონდა.

გავიდა დრო. ბავშვები წამოიზარდნენ.  დაიწყეს ოცნება საკუთარ ოჯახში ცხოვრებაზე, რეფორმამაც სულზე არ მოუსწრო.  დაიხურა ის ინსტიტუცია, რომელშიც ცხოვრობდნენ.
ბავშვებმა იფიქრეს _ დადგვიდგა ნანატრი დღე და ვიცხოვრებთ მამასთან ოჯახშიო, მაგრამ რეფორმამ იმედი გაუცრუა.

სოც მუშაკმა შეამოწმა მამის საცხოვრებელი პირობები და დაიწუნა. თურმე ნუ იტყვით და იქ ბავშვების ცხოვრება შეუძლებელი იქნებაო. საბაზისო პირობებს ვერ უზრუნველყოფს მამაო. სახლში წვიმა ჩამოდის, სარემონტოა, საკმარისი ავეჯი არ დგასო.  მამას კი ვენდობით, მაგრამ საყოფაცხოვრებო პირობები არ არის სანდოო.
მამა იხვეწებოდა – იქნებ დამეხმაროთ სახლის მოწყობაში და შევძლებ ჩემი შვილების რჩენასო.
სოციალურმა სააგენტომ იფიქრა. . . იფიქრა, საკანონმდებლო ბაზაც კი გადაქექა და …. მოიფიქრა.
მოიფიქრა თუ არა, თქვა: ჩვენ მხოლოდ რეინტეგრაციის თანხის დანიშვნა შეგვიძლია თითოეული ბავშვისთვის თვეში 90 ლარი, სულ 270 ლარი.  მას დაემატება სოციალურად დაუცველების ფულადი თანხა 100 ლარამდე, კვებაში ამას კი იმყოფინებთ, მაგრამ ამის მიუხედავად, ბავშვებს მაინც ვერ განდობთ, სახლში ცუდი პირობები გაქვსო.

მიდგა, მოდგა კაცი, მოამზადა არგუმენტები სააგენტოსთვის და კვლავ მიმართა: თქვე კაი ხალხო, საკარმიდამო ნაკვეთი მაქვს 1500 მეტრი, სოფელში ვცხოვრობ, მეზობლებიც არ გამწირავენ, იქვე ჩემი დედ-მამიშვილის ოჯახია და მომეხმარება ბავშვების მეთვალყურეობაში, ბავშვებიც აღარ არიან პატარები, 13, 14 და 15 წლის გოგო ბიჭებია, თვითონაც მოამზადებენ საკვებს, თუკი თქვენ ამ ფულს მომცემთ ყოველ თვე. გამატანეთ ბავშვები სახლშიო.

სააგენტომ სასტიკი პრინციპულობა გამოიჩინა _ არა და არაო. კაცს ისიც მოუდო ბრალად _ ადგილობრივმა გამგეობამ შიფერი გამოგიყოთ და თქვენ კი ისიც ვერ წაიღეთო. «რა მექნა ბატონო წასაღები ფული არ მქონდაო”.
(იმ ოჯახაშენებულებს ბარემ სახლში მიეტანათ ეს შიფერი?!).
მოკლედ, ბრალდებების შემდეგ სააგენტომ კაცს ორი ახალი შეთავაზება გააცნო ბავშვების შესახებ.  პირველი _ თქვენს შვილებს ან მიმღებ ოჯახში განვათავსებთ, მეორე: ან საოჯახო ტიპის სახლშიო.  არაჩვეულებრივი პირობებია ორივე შემთხვევაშიო.

მამამ და შვილებმა მოიფიქრეს და გადაწყვიტეს საოჯახო ტიპის სახლში შეეჩერებინათ არჩევანი. სხვა რა გზა ჰქონდათ?

***
აქვე გავიხსენებ. დაიანგარიშეს სახლის რემონტის თანხები. ადგილობრივი გამგეობის აზრით სახლის სარემონტო სამუშაოების ბიუჯეტმა 5000 ლარი შეადგინა. რომელიღაცა საერთაშორისო ორგანიზაციამ 13 000 ლარის საჭიროება დათვალა. ერთი სიტყვით, ორივე დაინტერესებულ პირს ეძვირა და თავი შეიკავა.

***
მიმღებ ოჯახს ერთ ბავშვზე სახელმწიფო 450 ლარს უხდის, სამ ბავშვზე 1350 ლარს თვეში.
საოჯახო ტიპის სახლში ერთი ბავშვის დაფინანსება თვეში 450 ლარია, სამი ბავშვის 1350 ლარი.

***

კანონი მოუქნელია! _ მითხრა ერთმა.
კანონი მო _ უქნელია!  კანონი მოუქ _ ნელია!
“უქნელია” თუ “ნელია”, საინტერესოა _ ვინ მოქნის კანონს?  ეს იმას გავს ჩვენ რომ ვიცით: “ვინ შეკაზმავს ცხენს?”

***
დადის მამა.  უნდა შვილების დაბრუნება.  ერთი პატიოსანი მუშა კაცია (დღიურ საქმეზე მუშაობს სოფელში), სანდოა, არ სვამს. არ ეწევა. კეთილსაიმედოა (უყვარს სოც. მუშაკებს ეს სიტყვა!), აბა, “ნაკლი ვის არ აქვს?” _ რა მისი ბრალია თუ ცხოვრების მარიფათი არ მისცა ღმერმა, სამაგიეროდ შვილები მისცა და სურვილი: უნდა მათთან ერთად ყოფნა.
სახელმწიფოც თეორიულად მხარში უდგას.
რას ერჩი?!
ეუბნება: ჩემი პოლიტიკა და მთავარი პრიორიტეტი ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებააო!

***
გვატყუებენ ვითომ?! * (piano)
გვატყუებენ ვითომ?! * (forte)
გვატყუებენ ვითომ?! * (meco forte)

***
ისე სხვათაშორის, ჩემს წლინახევრის შვილიშვილს ზემო ნახსენები ზღაპრის პირველ ფრაზებს რომ ვეუბნები: «_ ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!_რაო ბატონო მელაო?”
და ვჩერდები იმ იმედით, რომ ზღაპარს ჩამოარაკრაკებს თავიდან ბოლომდე.
პატარა კი, უმალ მიიღებს საცოდავ სახეს, სევდიან მზერას მტყორცნის, ხელის მტევნებს გადმოაბრუნებს და ენის მოჩლექით მეტყვის მოკლედ, მხოლოდ ერთ სიტყვას:
_ გა-და-უდო! (არადა ზუსტად ვიცი, რომ თავიდან ბოლომდე ზეპირად იცის)

***
არა?! თანამედროვე ბავშვებს სწრაფი ალღო და ზუსტი (თუ გნებავთ ასე ვთქვათ _ თანამედროვეობის შესაბამისი) ლოგიკა აქვთ!

Advertisements
კომენტარები
  1. imedo ამბობს:

    სოციალური ამოცანა
    თუ მათემატიკასთან მწყრალად არ ვართ და ლოგიკაც გვაქვს, დავიანგარიშოთ რა უჯდება სახე-ლმწიფოს ამ ბავშვების შენახვა საოჯახო ტიპის სახლში და რა უჯდებოდა სახელმწიფოს მათი დაბრუნება საკუთარ ოჯახში…
    1. საოჯახო ტიპის სახლი- ერთი წლის ხარჯი 26200 ლარი (12 თვე გამრავლებული ერთი თვის ხარჯზე ანუ 1350 ლარზე).
    2. ხარჯი ოჯახში დაბრუნების შემთხვევაში- 9440 ლარი პირველ წელიწადს (შემდგომ მხოლოდ 4440 ლარი), (სახლის რემონტის ხარჯს 5000 ლარს დამატებული 12 თვე გამრავლებული ყოველთვიურ დახმარებაზე ანუ 370 ლარზე).
    რა გამოდის – სახელმწიფომ იტვირთა 16 760 ლარით მძიმე ტვირთი (ალბათ გულკეთილობით მოუვიდათ :-))))) ).
    ის შეკითხვები, რომლებსაც ისეთმა ზუსტმა მეცნიერებამაც კი ვერ გასცა პასუხი როგორიცაა მათემატიკა: იქნებ ამ ბავშვებს ეს მოჭარბებული მზრუნველობა უფრო მოეწონოს ? კარგი ბინა, მზრუნველობა, საკვები და ა.შ.
    საერთოდ გამიგია, ახლა მთავრობა ფულს ზოგავსო…… თუ მეშლება? (მეც ადამიანი ვარ).
    16 760 ლარი იქნებ სხვა ვინმესაც გამოდგომოდა რაიმეში? (თუ არ იცით მე მომმართეთ, სულ მცირე ორ პროექტს გეტყვით, რომელსაც ეს თანხა შეერგებოდა და საბოლოო ჯამში ბევრ ბავშვს წაადგებოდა).
    P.S. როდესაც ამ ბავშვებს შეუსრულდებათ 18 წელი და წესით უნდა დატოვონ საოჯახო ტიპის სახლი, მაშინ რა მოხდება?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s